რეკლამა TikTok-ში – როგორ გამოვიყენოთ ბიზნესისთვის?
უკვე გაიგეთ ახალი სოციალური მედიის პლატფორმის, TikTok-ის შესახებ?
თუ სკეპტიკურად უყურებთ და გგონიათ, რომ მას მხოლოდ თინეიჯერები იყენებენ, რომლებსაც ბევრი თავისუფალი დრო აქვთ, ბევრს კარგავთ.
ტიკ-ტოკი ახალი შესაძლებლობაა თქვენი ბიზნესისთვის. თუ მას სწორად გამოიყენებთ, შესაძლოა თქვენი აუდიტორიის სრულიად ახალი სეგმენტი აღმოაჩინოთ – აქ უკვე 800 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელია რეგისტრირებული.
ვისთვისაა ტიკ-ტოკი?
რა თქმა უნდა, ტიკ-ტოკს ყველა სახის ბიზნესი ვერ გამოიყენებს. იმისათვის, რომ გადაწყვიტოთ ღირს თუ არა კიდევ ერთ სოციალური მედიის პლატფორმაზე თქვენი კომპანიის რეგისტრირება, ჯერ კარგად უნდა გაერკვეთ აპლიკაციის ფუნქციებში.
მომხმარებელთა უმეტესობა აქ 16-დან 24 წლამდე ასაკისაა. ისინი ქმნიან სახალისო, მოკლე ვიდეოებს მუსიკის ფონზე. ეს არაა ადგილი სერიოზული დისკუსიებისთვის – აპლიკაციის პირველივე გვერდზე უამრავ სასაცილო, ვიზუალურად სასიამოვნო სანახავი ვიდეო შეგხვდებათ.
როგორ მუშაობს?
აპლიკაციას ხშირად აღწერენ, როგორც ვაინის, ტვიტერისა და ინსტაგრამის ნაზავს. აქ ვიდეოების შესაქმნელად მხოლოდ სმარტფონი გჭირდებათ – აპლიკაცია თვითონ გთავაზობთ მუსიკას, ფილტრებსა და ყველაფერს, რაც რამდენიმეწამიანი ვიდეოს გადაღებისა და რედაქტირებისთვის შეიძლება დაგჭირდეთ.
დიდი ხანი არაა, რაც ბიზნესებმა ტიკ-ტოკის რეკლამისთვის გამოყენება დაიწყეს. აპლიკაცია საკმაოდ ახალია, ამიტომ სანამ თქვენი პოსტების რეკლამირებას დაიწყებთ, ჯერ სხვა მსგავს კომპანიებს გადახედეთ. შექმენით თქვენი კომპანიის პროფილი, გახდით პოპულარული მომხმარებლებისა და თქვენი კონკურენტების გამომწერი და დააკვირდით, როგორ იქცევიან ისინი.
შექმენით სახალისო კონტენტი
მას შემდეგ, რაც გაერკვევით, თუ რა მოსწონთ ტიკ-ტოკში თქვენს პოტენციურ მომხმარებლებს, დროა მოქმედებაზე გადახვიდეთ. საკუთარ გვერდზე აქტიურობა თქვენი ბიზნესის ტიკ-ტოკზე რეკლამირების ყველაზე იაფი და მარტივი საშუალებაა.
აპლიკაციის მთავარი პლუსი ისაა, რომ მაგალითად, ინსტაგრამისგან განსხვავებით, თქვენ არ გიწევთ ვიდეოს მონტაჟსა და დახვეწაზე ფიქრი, უბრალოდ აიღეთ თქვენი სმარტფონი და დაიწყეთ გადაღება.
ეცადეთ, კომპანიის სტილის ერთგული დარჩეთ. თქვენი მთავარი მიზანი არ უნდა იყოს ვირუსული კონტენტის შექმნა-თუ ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდება, შესაძლოა ბრენდი მნიშვნელოვნად დააზარალოთ.
მაგალითად, კოსმეტიკური კომპანია Lush ტიკ-ტოკს თავისი პროდუქტების საჩვენებლად იყენებს – მარტივი, სასიამოვნო მუსიკის ფონზე გადაღებული ვიდეო, სადაც კარგად ჩანს პროდუქტის მოქმედება, პლატფორმაზე საკმაოდ პოპულარულია.
ესაა თქვენი შანსი იყოთ გულწრფელი და პირდაპირი თქვენს მომხმარებელთან. მაქსიმალურად დაუმუშავებელი, ადვილად აღსაქმელი კონტენტი აქ ყველაზე მომგებიანია.
დაიწყეთ ჰაშტაგ-ჩელენჯი
ბრენდის რეკლამირების კიდევ ერთი საშუალებაა ჰაშტაგ-ჩელენჯი. გამოიწვიეთ თქვენი მომხმარებლები გაიმეორონ თქვენი შექმნილი ვიდეო და გამოიყენონ თქვენს მიერ შეთავაზებული ჰაშტაგი.
მაგალითად, ტანსაცმლის ბრენდი Guess ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, რომელმაც ჰაშტაგ-ჩელენჯი გამოიყენა ჯინსის ახალი ხაზის რეკლამირებისთვის. მან თავის მომხმარებელს სთხოვა გადაეღოთ ვიდეო, სადაც მათი ახალი კოლექცია იქნებოდა წარმოდგენელი და ჰაშტაგით #InMyDenim დაედოთ.
ხშირია ისეთი მაგალითებიც, სადაც კომპანიები აქვეყნებენ მოკლე ცეკვის ვიდეოს და მოხმარებლებს მის გამეორებას სთხოვენ. ასეთი ჩელენჯები საკმაოდ პოპულარული და სახლისოა. ეს იდეალური საშუალებაა მომხმარებლის ჩართულობის გასაზრდელად.
ითანამშრომლეთ ტიკ-ტოკ ინფლუენსერებთან
ტიკ-ტოკ ინფლუენსერები ჯერ არ არიან ისეთი გავლენიანები, როგორც მაგალითად ინსტაგრამზე, მაგრამ მალე აუცილებლად იქნებიან. ის ასაკობრივი კატეგორია, რომელიც ტიკ-ტოკზე განსაკუთრებით აქტიურია, ყველა სახის კომერციულ რეკლამას ეჭვის თვალით უყურებს. ზუსტად ამიტომაა საჭირო ინფლუენსერებთან თანამშრომლობა – მათ შეუძლიათ არატრადიციული, მაგრამ ეფექტური გზით მიიტანონ თქვენი ბრენდის სათქმელი მომხმარებელთან.
სანამ რაიმეზე შეთანხმდებით, დარწმუნდით, რომ ინფლუენსერის აუდიტორია თქვენსას ემთხვევა. სხვადასხვა ონლაინ ინსტრუმენტის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ ნახოთ რომელ ინფლუენსერებს იყენებენ თქვენი კონკურენტები, რა სიტყვებია ყველაზე გამოყენებადი ინფლუენსერების გამომწერებს შორის და ა.შ.
რეკლამის ტიპები ტიკ-ტოკზე
როგორც უკვე აღვნიშნეთ, რეკლამა ტიკ-ტოკზე სულ ცოტა ხნის წინ გახდა შესაძლებელი. ამ ეტაპზე, აპლიკაცია კომპანიებს 4 ტიპის რეკლამას სთავაზობს:
Infeed native content – ეს ძალიან ჰგავს ინსტაგრამისა და სნაპჩატის Story-რეკლამას. ესაა 9-15 წამიანი ვიდეო მთელს ეკრანზე, ისეთივე, როგორც ყველა ტიკ-ტოკ ვიდეო. მომხმარებელს მარტივად შეუძლია გამოტოვოს თქვენი რეკლამა. კამპანიის შედეგები კლიკების, ნახვებისა და ჩართულობის გაზომვით შეიძლება.
Brand takeovers – თქვენ შეგიძლიათ გვერდი ერთი დღით გადააბაროთ სხვა ბრენდს ან ინფლუენსერს. მათ საშუალება ექნებათ თქვენს მაგივრად იაქტიურონ აპლიკაციაში, შექმნან ვიზუალური მასალა და ჰაშტაგ-ჩელენჯები. ამ გზით მოიპოვებთ წვდომას იმ პროფილის გამომწერებზე, რომელიც თქვენს გვერდს ერთი დღით მართავს.
Hashtag takeovers – ეს რეკლამის ყველაზე პოპულარული საშუალებაა. შექმენით ჰაშტაგი და დააწესეთ პრიზი ჩელენჯის მონაწილეების, ან გამარჯვებულებისთვის.
Branded lenses – ინსტაგრამის და სნაპჩატის მსგავსად, ტიკ-ტოკიც გაძლევთ შესაძლებლობას შექმნათ ბრენდირებული ფილტრი ვიდეოებისთვის.
რატომ უნდა იყოთ ტიკ-ტოკზე?
ტიკ-ტოკი შედარებით ახალი პლატფორმაა, რომელიც ჯერ კიდევ არაა დასპონსორებული კონტენტით იმდენად გადატვირთული, როგორც ფეისბუქი, ინსტაგრამი და ტვიტერი. შესაბამისად, აქ რეკლამა გაცილებით ნაკლები დაგიჯდებათ.
ტიკ-ტოკ ვიდეოებით თქვენ შეძლებთ კომპანიის ახალი, მხიარული ბუნება შექმნათ და წარმოაჩინოთ. თუ თქვენი მიზნობრივი აუდიტორია ტიკ-ტოკისას ემთხვევა, ეს მიდგომა, დიდი ალბათობით, გაამართლებს.
ბევრი კომპანია აღნიშნავს, რომ ახალ თაობაზე გათვლილი რეკლამის შექმნა საკმაოდ რთული გამოწვევაა. ამიტომ, იყავით იქ, სადაც ისინი არიან, აჰყევით მათი თამაშის წესებს და თქვენც გაერთეთ. ეს დაგეხმარებათ უფრო ხანგრძლივი და პერსონალური კავშირი დაამყაროთ თქვენს პოტენციურ მომხმარებლებთან.